ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 10,143 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი(გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიურიმგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. ფართობი 1040 ჰა. დაარსდა 1935 წელს რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივის შემონახვის მიზნით. ნაკრძალის ფართობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. აქ ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკერჩხლები, თელა. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია. სოსნოვსკის ფიჭვი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800-1800 მ-ზე. ქმნის როგორც წმინდა (კონგლომერატებზე, ნაშალებზე, რიყეებზე და გამოტანის კონუსებზე), ისე შერეულ ზევნარებს ფიჭვნარ-მუხნარის, ფიჭვნარ-რცხილნარისა და სხვა სახით. ნარძალში ვხვდებით სოსნოვსკის ფიჭვის ოთხ ფორმას: პირამიდულს, კომპაქტურს, ოვალურსა და ქოლგისებურს.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩისმიერ. უჭირავს 19749 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდანსიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას.
No comments:
Post a Comment